გუშინ, პირველ აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა ოჯახს, რომელიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარს, მარტის, აპრილის და მაისის გადასახადებს მთლიანად ხელისუფლება დაუფარავს. აბონენტები, ვინც მიიღეს ქვითრები, კითხულობენ “გადაიხადონ თუ არა”?. Jnews შეეცადა გაერკვია.<!–more→
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორის, რაზმიკ გუმაშიანის თქმით, ამ საკითხზე ზუსტი ბრძანება ჯერ არ მიუღიათ. ჯერჯერობით უცნობია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის რამდენი აბონენტი ისარგებლებს ამ შეღავათით.
“გადასახადების გადახდა ქვითრების დარიგების შემდეგ იწყება. დაახლოებით 4-5 რიცხვის შემდეგ. თუ აქამდე მივიღებთ ინფორმაციას, ბრძანებას, რომ 200 მ3 თანხა არ უნდა აიკრიფოს, ასეც გავაკეთებთ, მაგრამ თუ ასეთი ბრძანება არ იქნება, როგორც ყოველთვის მარტში დახარჯული ბუნებრივი აირის საფასური უნდა გადაიხადონ. ჩვენ ჯერ არავითარი ბრძანება არ მიგვიღია, თუმცა მე თანამშრომლები გავაფრთხილე, ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ”, – ამბობს რაზმიკ გუმაშიანი.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი გადაიხდის და აღმოჩნდება, რომ შეღავათი მას შეეხო, გადახდილი თანხა მის ანგარიშზე დარჩება.
“მინისტრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აბონენტებს, რომლებმაც გადაიხადეს- თანხა არ დაეკარგებათ. გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ამ თანხას ჩაგვირიცხავენ, ეს თანხა კრედიტის სახით დარჩება და კომპანიას ის აბონენტის მიმართ ვალის სახით ექნება. ეს თანხა მომავალში გაიქვითება”, – ამბობს რაზმიკ გუმაშიანი.
ენერგოგამანაწილებელ კომპანია Enrgo Pro Georgia -ში ასევე განაცხადეს, რომ კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა და ვერ იტყვიან ვის შეეხება ეს პროგრამა.