ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ცეკვის ანსამბლი „ჯავახეთი“ ნელ-ნელა ყალიბდება. ქასთინგი შედგა, არიან მსურველები, მაგრამ, როგორც ინიციატივის ავტორი ამბობს, არც ისე ბევრი. დროთა განმავლობაში ჯგუფი ახალი და კვალიფიციური კადრებით შეივსება.

ცეკვის ანსამბლ “მურჯის” ხელმძღვანელის და ანსამბლ “ჯავახეთის” დამაარსებელი, გიორგი მეტრეველი ამბობს, რომ ცეკვის ჯგუფის პირველი გაკვეთილები მომავალი კვირიდან დაიწყება.

„უკვე ჩამოყალიბდა მცირე ჯგუფი, მაგრამ რეგიონიდან, ქალაქიდან, კულტურიდან გამომდინარე, პროფესიული ცეკვის ხანგრძლივი ეტაპები არ გვაქვს გავლილი.  ამიტომ, ძირითადად, ჩემი ყოფილი მოცეკვავეები არიან, ასევე ზოგიერთი დღევანდელი აქტიური მოცეკვავე, რომელთა ასაკიც შესაბამისია“, – ამბობს გიორგი მეტრეველი.

ცეკვის ანსამბლის წევრები შეიძლება იყვნენ 16 წელზე უფროსი ასაკის პირები. ერთადერთი პირობა არის ცეკვის გამოცდილების ქონა.

„რა თქმა უნდა, ამჟამინდელ მონაწილეებს აქვთ გამოცდილება, რადგან რამდენიმე წელია ამ სფეროში არიან და ისწავლეს, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიონალები არიან. პროფესიონალები იმ გაგებით, რომ გარკვეულწილად განათლება მიიღეს. სხვა მოცეკვავეებთან შედარებით, როგორიცაა დამწყები, მათ ბევრი უპირატესობა აქვთ. ქასთინგი მხოლოდ არჩევანის გაკეთების მიზნით ჩატარდა“, – ამატებს ქორეოგრაფი.

ქასთინგს არა მხოლოდ გიორგი მეტრეველი მართავდა, არამედ ცეკვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქორეოგრაფი, ნინო დარახველიძეც, რომელიც მთელი ქასტინგის განმავლობაში ვიდეოკავშირზე იყო, შეფასებას და რჩევას იძლეოდა.

 

pari qasting

„მივიღეთ პროფესიონალური რჩევები, ნინომ თითოეულ მონაწილეზე ცალ-ცალკე კომენტარი გააკეთა. გარდა ამისა, რჩევას ვთხოვ ჩემს ქორეოგრაფ მეგობრებს, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ სხვადასხვა ქალაქში, ცეკვის სხვადასხვა ანსამბლებში. როცა უცხო თვალით უყურებ, ყველა სისუსტეს უკეთ ამჩნევ. მეც რამდენიმე ანსამბლი გამოვიცვალე. თითოეულს თავისი სტილი და ხელწერა ჰქონდა. ამიტომ ვხედავ ჩემს სისუსტეებს და ვმუშაობ მათზე“, – ამბობს მეტრეველი.

ანსამბლ “ჯავახეთის” შექმნამდე გიორგი ალიკ და ლამარა ქსპოიანებს, ქალაქის მერს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

„ბატონ ქსპოიანს შევთავაზე უახლოეს მომავალში ერთად მუშაობა. როგორც ჩემს ანსამბლში, ასევე ქსპოიანის ანსამბლში არის მხოლოდ საბავშვო ჯგუფი, როცა ისინი იზრდებიან, ჯგუფი იშლება, თითოეული თავისი მიმართულებით მიდის. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შემდეგ ბრუნდებიან. ეს ანსამბლი იქნება მუდმივი, მოზარდთა ანსამბლი“, – ამატებს მეტრეველი.

ანსამბლის წევრები შეისწავლიან სხვადასხვა ხალხების ცეკვებს. ახლა, კორონავირუსის გამო, შეხვედრები ძირითადად ონლაინ იმართება.
ცეკვის გაკვეთილები ძირითადად საღამოს იქნება, რათა ყველამ შეძლოს მონაწილეობა, რომ სამუშაომ ხელი არ შეუშალოთ.

ანსამბლის პირველი გაკვეთილი ერთ კვირაშია დაგეგმილი. მეცადინეობა დროებით ქართული სკოლის სპორტდარბაზში ჩატარდება, თუმცა ქორეოგრაფი იმედოვნებს, რომ ოდესმე კულტურის სახლი გარემონტდება და გაკვეთილები იქ ჩატარდება.