ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ, მიწა დაამუშავა, სახნავად მოამზადა, მაგრამ საგაზაფხულო თესვა ჯერ არ დაუწყიათ. არახელსაყრელი ამინდის პირობები ამის საშუალებას არ იძლევა. სოფლის მოსახლეობას ეშინია, რომ მოსავლის დათესვას ვერ მოასწრებენ.

Jnews-ს სოფლის მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა, რაც ძირითადად ხორბლისა და ქერის თესვის შეფერხებას უკავშირდება.

„ყოველ წელს აპრილში თითქმის ვამთავრებდით კარტოფილის თესვას, წელს კი ქერის და ხორბლის დათესვის დროც არ გვქონდა. უკვე ერთი თვეა წვიმს და თოვს. გვეშინია, რომ ქერი დროზე არ ამოვა, საიდან გვეცოდინება, როგორი ამინდი იქნება ზაფხულში“, – ამბობს სოფელ კულიკამის მცხოვრები, არმენ შახბეკიანი.

მაგრამ ფერმერი მახარა მაცუკატოვი ფიქრობს, რომ სანერვიულო არაფერია.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუ ქერის თესვა ცოტა ადრე დაიწყებოდა, მაგრამ რადგან ამინდის გამო თესვა ცოტა დაგვიანდა, შესაბამისად, მოსავლის აღებაც მოგვიანებით დაიწყება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამინდი უკეთესად იმოქმედებს მოსავლიანობაზე, რადგან თოვლი უზრუნველყოფს ტენიანობას. რაც შეეხება კარტოფილის თესვას, მაისში უნდა დაიწყოს“.

მახარე აღნიშნავს, რომ დასათესად ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს მინიმუმ 10 გრადუსი. ხალხის შიში, მისი აზრით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ძალიან ხშირად ფერმერები საწყობების რაც შეიძლება მალე დაცლას და  კარტოფილის მიწაში ჩაყრას ცდილობენ.

მისივე თქმით, თუ მაისში ამინდი არახელსაყრელი იქნება, ამან შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა ამ დროისთვის შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.