ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აცხადებენ საგრანტო კონკურსებს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, თუმცა მოსახლეობა აქტიურად არ მონაწილეობს. Jnews-მა გადაწყვიტა გაერკვია, რატომ არ ცდილობენ ახალქალაქელი ფერმერები შემოსავლის წყაროს გასავითარებლად სახსრების მოპოვებას.
სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარების მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია აქტიურად ცხადდება საგრანტო კონკურსები. ეს არის ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ი, კონკურსებს USAID-ი და ბევრი სხვა ორგანიზაცია, ასევე სახელმწიფო აცხადებს.
მიზეზები, რის გამოც ახალქალაქელები არ აქტიურობენ ამ კონკურსებში, განსხვავებულია:
ზოგიერთი პასიურობის მიზეზად საკუთარი სახსრების ნაკლებობას ასახელებს. სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებისთვის გრანტები ძირითადად პროექტის თანადაფინანსებით გაიცემა. სხვადასხვა პროექტში თანადაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია.
სოფელ სირქვას მკვიდრი, ოგანეს ასლანიანმა კონკურსში მონაწილეობა მიიღო, გრანტი მოიპოვა, მაგრამ შემდეგ, დაფინანსებაზე უარი თქვა.
„ტრაქტორზე გრანტი მოვიგე, მაგრამ შემდეგ უარი ვთქვი, ჩემი წილი დაფინანსებისთვის კრედიტის აღება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა“, – ამბობს ოგანეს ასლანიანი.
მისი აზრით, ადამიანების პასიურობის მიზეზი საკუთარი სახსრების ნაკლებობაა.
“40% ან 60%, ან სხვა პროცენტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას ძალიან მაღალია ფერმერისთვის. როგორ შეიძლება ხალხმა სასწრაფოდ მოიპოვოს ასეთი თანხა. თორემ ყველას უნდა იყიდოს ტექნიკა, ვინ იტყვის უარს?” – ამბობს ის.
სოფელ კულიკამის მკვიდრი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, პასიურობის მიზეზად ქართული ენის არცოდინას მიიჩნევს.
„მონაწილეობისთვის ქართული ენა უნდა იცოდე, იქ უნდა მოაწერო ხელი, ვერ ხვდები რაზე აწერ ხელს“, – ამბობს ის.
ზოგიერთი თავის პასიურობას იმით ხსნის, რომ ბიზნეს პროექტების დაწერა, კითხვარის შევსება სჭირდება, რაც ფერმერთა უმეტესობისთვის რთულია, განსაკუთრებით ქართულად.
ზოგიერთი არ არის ინფორმირებული საგრანტო კონკურსებზე.
სტეპან ქთციანი სოფელ ბეჟანოდან არის. მას თევზის მეურნეობ აქვს. ამბობს, რომ ბიზნესს დახმარება სჭირდება. საგრანტო კონკურსების შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა. შესწავლისთანავე თქვა, რომ აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას.
ზოგი ინტერესდება, ცდილობს, მაგრამ იმედგაცრუებული რჩება, თუ არ გაიმარჯვებს.
სოფელ მოდეგამის მცხოვრებმა, არამაის ჩახალიანმა იცის საგრანტო კონკურსების შესახებ, არაერთხელ დაწერა პროექტი, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა.
“იმედგაცრუებული ვარ, აღარ ვწერ, რამდენჯერმე დავწერე, ვერაფერი მოვიგე, ბოლოს შარშან დავწერე, მაგრამ ვერ გავიმარჯვე”, – ამბობს ის.
ედუარდ ფამბუხჩიანს, სოფელ მოდეგამიდან, მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო პროგრამების შესახებ სმენია, თუმცა ვერც ერთ კონკურსში ვერ გაიმარჯვა.
„შემოდგომით დავწერე განცხადება მზის პანელების შეძენაზე, მაგრამ ჯერჯერობით დადებითი პასუხი არ მიმიღია, მართალია, ენის არცოდნა საქმეს ართულებს, მაგრამ ვპოულობთ ვინმეს, ვისაც შეუძლია პროექტის დაწერა. ჩვენს სოფელში, არავის არაფერი მოუგია. ჩვენი სოფლიდან ერთმა ქალბატონმაც რამდენიმე წლის წინ დაწერა განცხადება გრანტზე საცხობი ტექნიკის შესაძენად და ვერ გაიმარჯვა, ჩვენგან რომ მოეგო ვინმეს, დავინტერესდებოდით, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, – ამბობს ედუარდ ფამბუხჩიანი.
მოსახლეობაში არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრანტები ნაცნობობით გაიცემა.
სოფელ ხულგუმოდან არტური ამბობს, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა, ტრაქტორის ყიდვა სურდა. მიაჩნია, რომ ნაცნობის გარეშე გრანტის მოპოვება შეუძლებელია.
ეკონომიკის დაცვისა და განვითარების ცენტრის – SEREC-ის კოორდინატორის, ვაღარშაკ შახბეკიანის თქმით, პასიურობის პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სწორად და მკაფიოდ წარმოადგინონ იდეა. მან მოსახლეობის პასიურობის რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჩამოთვალა.
„პირველი – ინფორმირება. ბევრ ორგანიზაციას, რომელიც კონკურსებს მართავს, არ ჰყავს წარმომადგენლები ახალქალაქში. ვინც ჩვენთან რეგისტრირდება, ჩვენ ვუგზავნით ინფორმაციას პროგრამების შესახებ, უკვე ვიცით, რაც უნდათ. ხოლო ვინც არ დარეგისტრირდება, არ იციან.
მეორე – სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა. კითხარების შევსება არ შეუძლიათ, ხშირად ამას ქართველებიც ვერ აკეთებენ, თუმცა ყველაფერი რთული არ არის, მაგრამ ბევრს უჭირს“, – ამბობს ვაღარშაკ შახბეკიანი.
შახბეკიანის თქმით, წლეულს საგრანტო კონკურსებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ამგვარად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 100-მდე ადამიანმა მიმართა SEREC-ის ახალქალაქის ოფისს საგრანტო პროგრამებზე რჩევისთვის, წინასწარი მონაცემებით, კონსულტაციის მიმღებთა 25%-ზე მეტმა მიმართა დაფინანსებისთვის.