ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნოს მაქსიმალური ზეწოლა კრემლზე.
მისივე თქმით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას.
„ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური წნეხი კრემლზე. გასულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ჩვენ დავისახეთ მიზნად დაგვეწესებინა დამატებითი სანქციები, ჩვენ უნდა ჩავკეტოთ ის ხვრელი, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ უკვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას და ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ შემდგომი კოორდინირებული სანქციებით. სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. მე ვფიქრობ, რომ ზომების მიღება რუსულ ნავთობსა და გაზზე ადრე თუ გვიან საჭირო იქნება. ჩვენ ასევე შევაჩერებთ რუსული გემების შესვლას ევროკავშირის პორტებში, ჩვენ ასევე დავუწესებთ აკრძალვებს მეტ რუსულ ბანკს, რათა გაგრძელდეს რუსეთის ფინანსური სისტემის დასუსტება და ჩვენ მოვახდენთ კოორდინირებას ჩვენს მეგობრებთან “დიდი შვიდეულიდან”, – განაცხადა შარლ მიშელმა.