ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში კლუბის რეაბილიტაციაზე ტენდერი 80 000 ლარად გამოცხადდა.
15 მარტს გამოცხადდა ტენდერი სოფელ ბარალეთში წლების განმავლობაში საშინელ მდგომარეობაში არსებული კლუბის რეაბილიტაციაზე. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. კლუბის შენობა ავარიულია, თუმცა სოფლის მოსახლეობა დღემდე იყენებს, სახურავის კოჭები დამპალია და ადგილ-ადგილ დანგრეული. შენობის შიგნითაც ცუდი მდგომარეობაა. ფანჯრის შუშები ჩამტვრეულია, იატაკი დანგრეულია, კედლები ნესტიანია და ობითაა დაფარული. თუმცა, წლეულს გადაწყდა კლუბის რეაბილიტაცია.
წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდა. სატენდერო აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა – ვარდ მკოიანი, რომელმაც შესთავაზა თანხა 66 388 ლარი. მისი თქმით, კონტრაქტი ამ დღეებში გაფორმდება. სამუშაოები დათბობიდან 60 დღეში უნდა ჩატარდეს, სახელმწიფო შესყიდვის კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული. სახურავი, კედლები, იატაკი შესაკეთებელია. დამონტაჟდება მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.