ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ბიუროს სხდომაზე მიიწვიეს, რათა განიხილონ სწრაფი რეაგირება და თანამშრომლობა იმ შემთხვევაში, თუ თოვლის სწრაფი დნობის გამო, ახალქალაქის სოფლებში მოსახლეობას სახლების დატბორვის საფრთხე შეექმნება.
დეპუტატებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალციხის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პაატა კბილაშვილი და ახალქალაქის დეპარტამენტის უფროსი, გრიგორ სტეპანიანი.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, ახალქალაქში მკვეთრი დათბობაა მოსალოდნელი. თოვლის სწრაფი დნობის გამო, სახლების დატბორვის თავიდან ასაცილებლად დეპუტატებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
პაატა კბილაშვილმა დეპუტატებს და სოფლის უფლებამოსილ პირებს სთხოვა სოფლებში არსებული სანიაღვრე და სარწყავი არხები გაწმინდონა, რათა წყალი არხებმა გაიწოვოს და სახლებში არ ჩაედინოს.
გრიგორ სტეპანიანმა თქვა, რომ მზად არიან 24 საათის განმავლობაში იმუშაონ, მაგრამ აქვთ მცირე ტექნიკა, მხოლოდ ორი ტუმბო, რაც სერიოზული წყალდიდობის შემთხვევაში ვერ გამოდგება. საჭიროა ტრაქტორები, რომლებიც წყლის დინების შეცვლაში დაეხმარებიან.
„მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ ზარს. ჩვენ გვჭირდება თქვენი ტექნიკა, დღეს ასეთი ტექნიკა არ გვაქვს. თქვენი ტექნიკა მზად უნდა იყოს, არხები უნდა გაიწმინდოს“, – თქვა გრიგორ სტეპანიანმა.
მან უფლებამოსილ პირებს სთხოვა აქტიურობა და მათთან თანამშრომლობა.
„არ გვაქვს სოფლები, სადაც წყალი არ ტბორავს ქუჩებს, მხოლოდ 5-6 სოფელია. როცა თოვლი დნება, ტოტები და სხვა ნამსხვრევები კეტავს არხს, ღია იქნება თუ გადაკეტილი, ცალსახად იქნება დატბორვა. გვჭირდება, რომ თქვენ გაუკეთოთ ორგანიზება, ჩვენ გვყავს ტექნიკა და შევათავსებთ. მერიასთან და მოადგილეებთან ერთობლივ მუშაობას გავუკეთებთ ორგანიზებას“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ წყალდიდობისა და სხვა არასასურველი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, ითანამშრომლებენ, დაეხმარებიან ერთმანეთს და მოსახლეობის ზარებზე დროულად მოახდენენ რეაგირებას.