საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მოსახლეობას უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წლისთავი მიულოცა.
„დღეს არის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებებიდან 5 წლისთავი, ამიტომ ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. აქვე, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, როდესაც გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა, მთავრობამ ინტენსიური მუშაობა გასწია და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ. ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობენ.
მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში. ეს კონკრეტული ხელშესახები შედეგია, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.