დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება. სამიტებს დაესწრება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ბრიუსელში წუხელ ჩაფრინდა.

“ნატოს ლიდერები ბრიუსელში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში შეხვდებიან. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შეხვედრის დროს მოგვმართავს”, – განაცხადა ნატოს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს ლიდერები განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგებს, ჩინეთის როლს კრიზისში და გადაწყვეტენ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ნაბიჯებს.

ნატოს საგანგებო სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინასწარ გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ლიდერები დღეს იმსჯელებენ.

ეს გადაწყვეტილებები მოიცავს ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში; ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში (სახმელეთო, ზღვა, ჰაერი, კოსმოსი და კიბერ სივრცე), უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას, რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია – ჰერცეგოვინასთვის.

“გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება”, – თქვა გენერალურმა მდივანმა.

მან გაიმეორა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ნატოს მოკავშირეებს დასჭირდებათ გააორმაგონ ძალისხმევა თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიციისთვის.

ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „გაჩნდა გადაუდებელობის ახალი შეგრძნება, რადგან ჩვენ ვერ მივიღებთ მშვიდობას თავისით”.