ახალქალაქში მოძრაობას მხოლოდ ოთხი შუქნიშანი არეგულირებს, რომლებიც, თითქოს, „რიგრიგობით“ მუშაობენ. მთავარ ქუჩაზე დამონტაჟებული შუქნიშანი ხშირად ფუჭდება. აღმაშენებლის ქუჩაზე შუქნიშანი რამდენიმე დღეა არ მუშაობს. მუნიციპალიტეტში პრობლემის შესახებ იციან და მის აღმოფხვრას ცდილობენ.
ქალაქის შუქნიშანი პერიოდულად არ მუშაობს.
თავისუფლების ქუჩაზე (ე.წ. „ვსტრეჩას“ მონაკვეთზე) შუქნიშანი მუშაობს, თუმცა ფერები ციმციმებს.
მძღოლები აღნიშნავენ, რომ ე.წ „მართვის კანონით“ მოძრაობენ, როცა შუქნიშანი არ მუშაობს, მაგრამ, არც ისე უსაფრთხოა, არიან ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ამ კანონებს და არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან ვინ უნდა გაიაროს ჯერ გზაჯვარედინზე.
აღმაშენებლის ქუჩაზე შუქნიშანი ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ არეგულირებს მოძრაობას, რაც უფრო უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვის ქუჩის გადაკვეთას. აქ არის მე-4 საჯარო სკოლა (დემირჩიანის სახელობის).
მერიაში აცხადებენ, რომ შუქნიშნის გაუმართაობის შესახებ იციან და ამ მიმართულებით მუშაობენ.
„მერია ამ საკითხით დაკავებულია, რადგან ეს არის შუქნიშანი, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უბრალოდ, საკრებულოს და მერიის მთელი ძალები ამ ბოლო დღეებში სოფლის გზებზე თოვლის გაწმენდაზეა ორიენტირებული, ამიტომ ეს საკითხი ჯერ არ არის მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დავიწყებას არ მიეცა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები იყო, რომელთა მოგვარებაც საჭიროა“, – თქვა ახალქალაქის მერმა, მელქონ მაკარიანმა.