ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში  შპს „კავარი“ ფუნქციონირებს, რომელიც გადასახურ ფირფიტებს ყიდის. ევროკავშირის ENPARD-2 პროგრამის ფარგლებში, LAG-ის (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი) კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ 128 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

წელიწადნახევარია შპს „კავარს“ სახლების სახურავებისთვის სხვადასხვა მასალა შემოაქვს თბილისიდან, ფირფიტებს შესაბამის ზომაზე ჭრის და რეალიზაციას ახორციელებს. კომპანიამ პროექტი 128 000 ლარად მოიგო, საიდანაც გრანტი 60% იყო, თვითდაფინანსება კი 40%.

„ზოგადად, გრანტი, პროექტის მიხედვით, იყო 65%, ხოლო 35% თვითდაფინანსება, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გადაგვეხადა 40%, შევთავაზეთ და დაგვთანხმდნენ“, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, რამაზ ყავრელიშვილი.

kavari1

პროექტის მიხედვით, ორგანიზაცია „კავარმა“ ააშენა შენობა, შეიძინა აგრეგატი, ტრაქტორი და სხვა ტექნიკა.

kavari2

რამაზ ყავრელიშვილი მუშაობით კმაყოფილია, კლიენტები საკმარისია. მისივე თქმით, თვითდაფინანსების თანხის ნახევარზე მეტი უკვე ამოღებულია.

ამ დროისთვის მომხმარებელი არ არის, მაგრამ სეზონი ჯერ არ დაწყებულა – დაიწყება როცა დათბება. მეპატრონეების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ეს სეზონური ბიზნესი იყო.

ამ დროისთვის ახალქალაქში მხოლოდ ორი სახელოსნოა, სადაც გადახურვის ფირფიტებს ჭრიან. ადრე, როცა მხოლოდ ერთი სახელოსნო იყო, რამაზის თქმით, ხალხი რიგში დგებოდა.

„სეზონზე ხალხი 2-3 დღე ელოდებოდა, მეც ველოდებოდი, ბევრს იძულებით თბილისიდან ჩამოჰქონდა, ახლა რიგები აღარ არის და ჩვენი საქონლის ფასში განსხვავება თბილისში ფასებთან არის 50 თეთრი 1 კვ/მ-ზე და ეს არის ტრანსპორტირების ხარჯი, რეგიონში მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ კრედიტით, სახურავის გამოცვლა ძალიან ძვირი ჯდება, ასეთ თანხას ყველა ოჯახი მაშინვე ვერ იხდის“, – ამბობს რამაზ ყავრელიშვილი.

კომპანიის მომსახურება, როგორც აქ ამბობენ, გამოიყენება არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ ასპინძაში, ნინოწმინდასა და წალკაში.

რამაზ ყავრელიშვილის თქმით, წელს ნედლეულის ფასმა მოიმატა, ახლა, უკრაინის ომის შემდეგ, ფასი ისევ იმატებს, რადგან მასალაც უკრაინიდან შემოაქვთ.

LAG-ის დაფინანსება დაეხმარა კომპანიას ბიზნესის განვითარებაში, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია, ასევე ინოვაციების განხორციელებაში ამ სფეროში კრედიტით მომსახურების სახით.