ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურს საკმარისი რაოდენობით პერსონალი არ ჰყავს,- ამის შესახებ ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერემ ეზოიანმა განაცხადა.

8 ექიმის ნაცვლად, ამჟამად, მხოლოდ 3 მუშაობს, ახალციხიდან ოთხ დღეში ერთხელ კიდევ ერთი ექიმი ჩამოდის მორიგეობით.

სამუშაო ბევრია, კადრების ნაკლებობა კი საქმეს აორმაგებს, რადგან ბევრი გამოძახებაა და ცოტა ექიმი. ერემ ეზოიანის თქმით, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურში 7 წელია ვაკანსია ცხადდება. თუმცა ბოლო დროს, კორონავირუსის პანდემიის გამო, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

„როცა ბევრი გამოძახებაა და დრო არ გვყოფნის, ხანდახან ნინოწმინდისა და ასპინძის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოდიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი სპეციალისტებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რათა პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს“, – ამბობს ეზოიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ იღებენ პრეტენზიებს, რომ სასწრაფო დახმარება აგვიანებს მომსახურე პერსონალის სიმცირის გამო.

რაც შეეხება კითხვას, თუ, კორონავირუსის გამო, რამდენად დატვირთულია მათი სამუშაო, სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის თქმით, მათი სამუშაო ყოველთვის პიკზეა.

Jnews-თან საუბარში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ რთულ ვითარებაში საათობით უწევთ სასწრაფოს ლოდინი, ხშირად იძულებულნი არიან პაციენტი საავადმყოფოში თავად, მანქანით გადაიყვანონ, მიუხედავად იმისა, პაციენტის ტრანსპორტირება შეიძლება თუ არა.

 

ლიდა ალმასიანი