2022 წლის იანვარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ სამსახურში 500-ზე მეტი განაცხადი შევიდა სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებაზე. მუნიციპალიტეტის მერია წლეულს პირველად მარტოხელა მშობლების უმაღლესი განათლების გადასახადის 50%-ს აფინანსებს.
ახალქალაქის მერიის სოციალური სამსახურის დაფინანსება, 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 660 100 ლარია, შარშან 785 000 ლარი იყო.
„ბევრი განაცხადი შემოდის სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით. ხალხი უკვე ინფორმირებულია, თუ თანხა ამოიწურება, დავწერთ განცხადებას და დავამატებთ სარეზერვო ფონდიდან, ეს ყველაფერი დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე. აპლიკაციების უმეტესობა მკურნალობასა და დიალიზზეა“, – ამბობს ახალქალაქის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, რაფაელ თოქმაჯიანი.
სოციალური პაკეტის ახალი პუნქტით ისარგებლა ერთმა სტუდენტმა, რომელიც მარტოხელა დედაა. მან 1000 ლარი მიიღო. დახმარებისთვის მერიას უკვე, 12-მა სტუდენტმა მიმართა. მათი განაცხადი დაკმაყოფილდა და თითოეულმა 1000 ლარი მიიღო. შარშან, მთელი წლის განმავლობაში დახმარება 42-მა სტუდენტმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების თანადაფინანსებას 2022 წლამდე იღებდნენ: ობლები, სტუდენტები ოთხ და მეტი შვილიანი ოჯახებიდან, სადაც ოჯახში 3 სტუდენტი ჰყავთ და ისინი, რომლებიც 23 წლამდე არიან, სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები.
მუნიციპალიტეტში 14-მა ადამიანმა უკვე მიიღო 2000 ლარი, ესენი არიან თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები, რომლებიც მუდმივად დიალიზზე არიან. ეს შემწეობა გაიზარდა, ადრე ერთჯერადად 1500 ლარი იყო, ახლა 2000 ლარია.
ახალშობილ ბავშვებს ეძლევათ: პირველი (მეორე) შვილი 250 ლარი, მე-3 500 ლარი, ყოველ მომდევნო ბავშვზე 300 ლარი.
მუნიციპალიტეტის სოციალურ პაკეტში მოსალოდნელია სიახლეები, რომლებსაც Jnews-ი მიღებისთანავე გაავრცელებს.