საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.

2021 წლის დასაწყისიდან თერთმეტ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია, ნათქვამია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.

ოპერატორის მონაცემებით, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 11,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.

გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 9,5 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,8 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 78,4 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.

მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 1,1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი, თურქეთიდან 161,2 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან კი 528,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.

საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 390,9 მლნ კვტ/სთ.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება.სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.

მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისთვის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.