მომავალი, 2022 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ჯანმრთელობის დაზღვევით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე ისარგებლებენ. ამისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული.
საკრებულოსა და მერიის ყველა თანამშრომელი სამედიცინო დაზღვევის 50-ლარიანი პაკეტით ისარგებლებს.
“ვინც 50 ლარიან პაკეტში მეტ მომსახურებას შემოგვთავაზებს, იმას ავირჩევთ. ჩვენმა სახსრებმა არ მოგვცა საშუალება 50 ლარზე მეტი გამოგვეყო. მხოლოდ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს შეუძლიათ სარგებლობა”, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ მერგელიანიმ.
ჯერჯერობით უცნობია რა სამედიცინო მომსახურება შევა 50-ლარიან პაკეტში. კარენ მერგელიანის თქმით ყოველივე ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი. სამედიცინო მომსახურების კომპანია კონკურსის წესით შეირჩევა. დასაქმებულთა დაზღვევის ოდენობა წელიწადში 100 000 ლარია.
დაზღვევით ვერ ისარგებლებენ სხვა ორგანიზაციებისა და მუნიციპალური დაწესებულებების თანამშრომლები.