ტათევ ხოცანიანი, სოფელ ორჯადან, ერთ-ერთი აქტიური ახალგაზრდაა, რომელიც სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა, იბრძვის საზოგადოებისა და მისი რეგიონის განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 17 წლისაა, არაერთი წარმატების მიღწევა მოახერხა. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა “ქართული მოხალისე”, რომელშიც ტათევი 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საუკეთესო მოხალისედ დასახელდა, ახლა კი YSFR-ის რეგიონული მოხალისეა.
„ჩემს მეგობართან ერთად მოვაწყვეთ და ვახორციელებთ პროექტს – ქართულ ენაზე საუბრის წრე სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის. სამომავლოდ გვინდა, უფრო მასშტაბური პროექტი დავიწყოთ ჯავახეთში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით“.
ტათევი ორჯას საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა, საიდანაც დაიწყო მისი სასწავლო წარმატება. პირველად, მე-8 კლასში იყო, როცა სკოლის სახელით კონკურს „ეტალონში“ მონაწილეობდა და მე-2 ადგილი დაიკავა.
უცხო ენებისადმი ინტერესი იმ დროიდან გაუჩნდა, როცა LAG-ს (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი) ესტუმრა. ეპიდემიამდე მრავალ პროგრამასა და პროექტში მონაწილეობდა, შემდეგ, როცა ყველაფერი დისტანციური გახდა, ტათევი ქართული ენის სწავლებით დაინტერესდა. დაიწყო მსგავსი ინიციატივების ორგანიზება.
„მაინტერესებდა ისტორია, განსაკუთრებით სომხეთის. 5-დან 16 წლამდე ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა ჟურნალისტი გავმხდარიყავი“.
ამის შემდეგ გაიარა სომხეთის ისტორიის კურსები და ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის სხვა კურსები. 2019 წელს სომხურთმცოდნეობის ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალქალაქის ახალგაზრდული იდეის“ წევრად ამირჩიეს, სადაც, ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო. შემდეგ დავინტერესდი პიტაში სწავლით და ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტრენინგები სოფლებში საქართველოში ინტეგრაციის თემაზე გავმართე. ახლა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარ, როგორც აქტიური მოხალისე.“
ტათევს სხვადასხვა სფერო აინტერესებ, მათ შორის, პოლიტიკა, ჟურნალისტიკა, ფოტოგრაფია, სამართალი და სხვა.
მუშაობს მოხალისედ რადიო “ჩემ ხმაში”, აქვს საკუთარი გადაცემა – “ჩემი პროფესია”, სადაც ახალგაზრდებს ესაუბრება მათ მომავალ პროფესიაზე, ჰობზე და სამომავლო გეგმებზე.
გარდა მოხალისეობისა, ტათევ ხოცანიანმა სტაჟირება ციფრული მარკეტინგის მიმართულება Aliq Media-სა და Geobal-ში გაიარა. მიაჩნია, რომ, როცა საქმე რაიმე მიზნისთვის ბრძოლას ეხება, არც საცხოვრებელ ადგილს და, არც სხვა გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს.
„არ მგონია, პრობლემა საცხოვრებელი ადგილი იყოს, თავს კარგად ვგრძნობ ჩემს საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ადამიანი შეიძლება განვითარდეს, თუ აქვს მიზანი და სურს გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს, მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ პირობებში”.
მისი თქმით, მის თანატოლებს შორის აქტიურობა საკმაოდ მაღალია, ბევრი ცდილობს დაეხმაროს რეგიონს განვითარებაში.
ლიდა ალმასიანი