ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადასულ ტერიტორიებზე “ეკონომიკური განვითარების დასაჩქარებლად”, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განკარგულება გამოსცა.

დაჩქარებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტს დაევალა, სამი თვის განმავლობაში მოამზადოს წინადადებები გადასახადების, საბაჟო, კომუნალური და სხვა ტიპის შეღავათების, ასევე, ამ ტერიტორიებზე მომუშავე მეწარმეებისა და საწარმოების სოციალური დაზღვევის შესახებ.

ამასთან, მინისტრთა კაბინეტმა, კვალიფიციური და თანამედროვე სპეციალისტების მოსაზიდად, სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის გასავითარებლად და საცხოვრებელი მასივების ასაშენებლად კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციების სტიმულირების გეგმა უნდა შეიმუშაოს.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად აზერბაიჯანმა უკვე დახარჯა 955,2 მილიონი აზერბაიჯანული მანათი [დაახლოებით, 560 მილიონი აშშ დოლარი]. ამ თანხის ძირითადი ნაწილი [$472,6 მილიონი] საავტომობილო გზების პროექტირებასა და მშენებლობას მოხმარდა.

საავტომობილო გვირაბების მშენებლობა. ფოტო: apa.az

მთლიანობაში, ყარაბაღში ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 2021 წელს 1 მილიარდ 294 მილიონი აშშ დოლარი იყო გათვალისწინებული. სამუშაოებში ადგილობრივთა გარდა, აზერბაიჯანმა უცხოური, ძირითადად, თურქული კომპანიები ჩართო. ამასთან, თურქები აქ ოქროს საბადოების მიმრთულებითაც იმუშავებენ.

ერთი სიტყვით, აზერბაიჯანის მთავრობამ ყარაბაღში აქტიური საქმიანობა დაიწყო “გრანდიოზული გეგმებისთვის” . თუმცა, ამ განზრახვების რეალიზაციის პროცესი, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც, მინიმუმ, ხუთი წელი გაგრძელდება. იქამდე კი, დაინტერესებული საზოგადოება შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციას მედიიდან შეიტყობს ხოლმე.

იმის მიუხედვად, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე საავტომობილო გზების აღდგენის საკითხით აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაინტერესებულა, სამი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობამ ცხარე დისკუსიები გამოიწვია.

პირველი აეროპორტი უკვე გაიხსნა ქალაქ ფიზულიში. ზუსტად რამდენი დახარჯა სახელმწიფომ მასზე, არავინ იცის, თუმცა, ოფიციალური ცნობით, მთლიანად ფიზულის განვითარებაზე უკვე დახარჯულია 45 მილიონი აშშ დოლარი.

დანარჩენი ორი აეროპორტი ლაჩინსა და ზანგილანში შენდება. სახელმწიფოს გათვლით, ეს აეროპორტები რეგიონის ეკონომიკის მასტიმულირებელი იქნება, დაეხმარება იქ ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტს და ზოგადად, ყარაბაღს რეგიონს სატრანსპორტო ჰაბად აქცევს.

აზერბაიჯანელი ეკონომისტი ნიჟატ გარაევი ყარაბაღში ინვესტიციებს აუცილებელს და გარდაუვალს უწოდებს, თუმცა, არ სჯერა, რომ ამ ინვესტიციებს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა “ამოიღებს”.

“ახლა იქ არაფერია ჯერ. ასე რომ, სახელმწიფო, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტერიტორიების აღდგენითა და ინფრასტრუქტურის შექმნით უნდა იყოს დაკავებული. ასეთ მდგომარეობაში რომ ვერ დატოვებს იქაურობას, ვიცით.  მოკლევადიან პერსეპექტივაში ყარაბაღის აღდგენა და გაძლიერებული ეკონომიკური განვითარება ადგილობრივ ეკონომიკას წაადგება. როგორც მინიმუმ, სამუშაო ადგილები შეიქმნება.

თუმცა, გრძელდევადიან პერსპექტივაში, სათუოა, რომ ეს ინვესტიცია ამოღებული იქნება. მაგალითად, თუ ამ ფულს განათლებაში ჩადებდნენ, ეს ბევრად მეტ და სერიოზულ განვითარებას მოუტანდა ეკონომიკას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ასარჩევად საქმე არ ყოფილა – ეს ინვეტიცია უბრალოდ აუცილებელი იყო”.

ეკონომისტის გათვლებით, ყარაბაღისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ინვესტირება სხვა რეგიონების ხარჯზე, აზერბაიჯანს კიდევ ათი წელი მოუწევს.

რაც შეეხება საცხოვრებელ კომპლექსებს, მთავრობის წინასწარი ინფორმაციით, მათი ნაწილი იქნება არათუ ჩვეულებრივი, არამედ “ჭკვიანი”.

2021 წლის აპრილში ილჰამ ალიევის განკარგულებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი “ჭკვიანი ქალაქისა” და “ჭკვიანი სოფლის” კონცეფციის მოსამზადებლად. საპილოტე პროექტი უკვე ხორციელდება სოფლებში “აღალი-1”, “აღალი-2” და “აღალი-3” და 200 ინდივიდუალური სახლის ინოვაციური სამშენებლო მასალებით მშენებლობას და “ჭკვიანი” საინჟინრო კომუნიკაციებითა და გათბობის სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებს.

ეს სახლები უკვე შენებულია. აზერბაიჯანელი არქიტექტორების ჯგუფმა მისი კრიტიკაც მოასწრო და “პრიმიტიული და უშნო” უწოდა. სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდ ნაწილს კი, პირიქით – ძალიან მოეწონა. ზოგიერთს გულიც დაწყდა, რომ მათ ქალაქებსა და სოფლებში ასეთი ინფრასტრუქტურა არ არის.

“ზანგელანის სოფლებში [აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონი] არათუ გაზი, ასფალტიც საბჭოთა კავშირის დროს თუ გვახსოვს”.

“სადარბაზო მაინც ვინმემ გაგვირემონტოს ბაქოში”.

“ბაქოს სოფლებში ინტერნეტიც კი არ არის ნორმალური, წყალიც წყდება და ძაბვაც არ არის კარგი”, – ასეთ კომენტარებს წერენ სოციალურ სქელებში ყარაბაღის ინფრასტრუქტურის შესახებ ახალი ამბების მოსმენისას.

ასეა თუ ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი მცხოვრებლები “ჭკვიან სოფელში” უკვე 2022 წლის იანვრიდან შეძლებენ შესახლებას.

“მილიონ ადამიანზე ჭკვიანი სოფლებისა და ქალაქების აშენებას სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს და ამას არც არავინ მოითხოვს. თუმცა რამდენიმე ასეთი smart villages სახელმწიფოს სომხეთის მოსახლეობისთვის საჩვენებლად სჭირდება”, – ამბობს ნიჟატ გარაევი.

ამჟამად აზერბაჯანის კონტროლქვეშ გადასული ყარაბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ძირითადად, “დასახლებულია” იმ ადამიანებით, ვინც მათი აღდგენით არის დაკავებული. საუბარია ათასობით ადამიანზე, რომელიც, სავარაუდოდ, იქვე დარჩება საცხოვრებლად.

“თუკი იქ, მაგალითად, შეიქმნება მსხვილი აგროფოლდინგები, სამუშაოს საძიებლად სხვა რეგიონებიდანაც შეიძლება ჩავიდნენ ადამიანები. იძულებით გადაადგილებულთა ნაწილი კი, პირიქით – დაბრუნებას არ ისურვებს და უარს ვერ იტყვის უკვე აწყობილ ცხოვრებაზე. ასე რომ, ყარაბაღის მოსახლეობის შემადგენლობა შეიცვლება და მხოლოდ ისინი არ იცხოვრებენ იქ, ვინც პირველ ომამდე ცხოვრობდა”, – მიიჩნევს გარაევი.

ეკონომისტი თორგულ ველიევი კი დარწმუნებულია, რომ მთავრობას არ აქვს რეგიონის განვითარების კონკრეტული გეგმები, ყოველშემთხვევაში, ეს გეგმები არავის გაუცნია საზოგადოებისთვის. ასევე, ის სკეპტიკურად უყურებს “ჭკვიანი სოფლის” მშენებლობას ჯერ დაუსახლებელ ტერიტორიებზე.

“ფაქტია, რომ უდაბნოში აშენდა ახალი დასახლება, რომელსაც “ჭკვიანს” უწოდებენ და არც გვიხსნიან სათანადოდ, რას ნიშნავს ეს. ჩემი აზრით, ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით უნდა შენდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვლა არ გაამართლებს. ერთი სიტყვით, ვერ ვუყურებ ამ პროექტს ძალიან პოზიტიურად. ამ დროის მონაცემებით, ვიცით მხოლოდ ის, რომ აშენდა რაღაც სახლები, რომლებიც ადამიანებს დაურიგდებათ”.

სტატია მომზადებულია პროექტის “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდია თბილისის ოფისისა და ნეტგაზეთის პოზიციებს.

სტატია მომზადებულია ნეტგაზეთის მიერ.