დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვნელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები ჩანს და მცირედით იკლებს ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა.
თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მაინც მაღალია.
„მცირდება დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ორი კვირაა, მყარად ჩამოვიდა 8%-ს ქვემოთ. რაც შეეხება სიკვდილიანობას, შემცირების ტენდეციაა. დღეს პირველად 30-დან 40-ის ფარგლებშია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის და ეპიდვითარება ნელი ტემპით სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან ყოველდღიური რიცხვები 2 000- 3000-ზე მეტია. სტაბილიზაციაზე ვილაპარაკებთ მაშინ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 1 000-ს ჩამოსცილდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ახალ შტამს, გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაში ფიქსირდება.
„ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბრიტანეთში. ჯერჯერობით რაც ვიცით, მაღალი აგრესიულობით არ გამოირჩევა, მაგრამ აქვს სწრაფად გავრცელების თვისება და სამჯერ მეტი რისკი რეინფიცირების. როგორც სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სამხრეთ აფრიკაში არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა, რაც გარკვეულად ცოტა დამაიმედებელია, რომ ის არ უნდა წავიდეს ისე რთულად და აგრესიულად, როგორც დელტა და დელტა+ მიდის“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერჯერობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.
„ჯერ ჩვენ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, მონიტორინგი მიდის, მიმდინარეობს სექვენირება. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სპეციფიური „პისიარ“ ტესტები, სადაც გამორიცხვის მეთოდით შეგვიძლია ეჭვის მიტანა და შემდგომ გენეტიკური სექვენირებით დადგენა, არის თუ არა „ომიკრონი“. ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გააკეთა ყველა ქვეყანამ, დაუბრუნდნენ წინანდელ რეკომენდაციებს. პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში აუცილებელია, დისტანცია, სანიტარული წესები, დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება და რაც შეიძლება მეტი აცრა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამავდროულად, ამირან გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. ბუსტერდოზების გაკეთების აუცილებლობაზე.
„პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოთ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება „ფაიზერი“, დანარჩენია „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.