ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება დაახლოებით სამჯერ მეტია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ სხვადასხვა მიზეზით ისევ დაიწყო დიდი შეკრებები და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.
„ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას და ვერ ანსხვავებს, კონკრეტულად რომელი შტამია.
„ვერც ერთი სწრაფი ტესტი ვერ ანსხვავებს „ომიკრონია“, „დელტაა“, „ბეტაა“, „ალფაა“ თუ სხვა. სწრაფი ტესტი ადგენს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ არ არის ინფიცირებული. თუ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული, სწრაფი ტესტი, რა თქმა უნდა, დაიჭერს და აჩვენებს, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ვერ აჩვენებს, რომ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული. სწრაფი ტესტის შემდეგ, საჭიროა „პისიარი“, რომელიც არის სხვადასხვა მუტაციაზე, საბოლოო სიტყვა აქვს გენუმის სეკვენირებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა.
„ვთხოვ ყველას, აიცრან. ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გუშინ გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურდა.
„ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება. ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს.
„ჩვენი პოზიცია იცით, ადრეც გაჟღერდა. ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.