„მწვანე საგრანტო პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველთა განცხადებებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 31 დეკემბრამდე იღებს. პროგრამის ფარგლებში სოფლის მცხოვრებლებს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის დანერგვას დაუფინანსებენ.
ევროკავშირმა და UNDP-მა, პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სოფლად განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით „მწვანე გრანტის“ პროექტი დაიწყეს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, ყაზბეგში, ქედაში, ხულოში, ლაგოდეხში ან თეთრიწყაროში, ვისაც აქვს სახლი ან ბიზნესი, რომელიც რეგისტრირებულია ამ მუნიციპალიტეტებში.
განცხადებების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყო და 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
პროექტი სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და ბიზნესს დაეხმარება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებაში, დაზოგონ ენერგია კლიმატის ცვლილების შედეგების შესამცირებლად და შეამცირონ ბუნებრივი რესურსების ხარჯი, განსაკუთრებით ტყის რესურსების.
გრანტი შემდეგ პროექტებზე გაიცემა:
მზის წყლის უბრალო გამაცხელებლები და მზის გამათბობლები. გრანტის ოდენობა მაქსიმუმ 1000 ლარია.
აპარატის მთლიანი ღირებულებიდან 10%-ს იხდის განმცხადებელი, ხოლო 90%-ს გრანტი.
ქარხნული მზის წყლის გამაცხელებლები, მაქსიმალური გრანტი 3000 ლარი, თვითდაფინანსება 20%, 80% იხდის პროგრამა.
სრული თბოიზოლაცია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 12000 ლარს, თვითდაფინანსება აპარატის მთლიანი ღირებულების 40%.
კედლებისა და სარდაფის თბოიზოლაცია, გრანტის მაქსიმალური თანხა 8000 ლარი, თვითდაფინანსება 30%, 70% გრანტი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის, არმან ჰარუთუნიანის თქმით, მსურველებს შეუძლიათ მათ ცენტრს დაუკავშირდნენ.
„შეგიძლიათ დაგვიკავშირდნენ, ყველას გავუწევთ კონსულტაციას, დავეხმარებით და დავარეგისტრირებთ. ბევრი მსურველია, ბევრს დავეხმარეთ“, – ამბობს არმან ჰარუთუნიანი.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.gmg.undp.rda.gov.ge ან დაუკავშირდეთ ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც მერიის შენობაში მდებარეობს.