ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კამპანია „ჩვენ ვიცრებით ერთმანეთისთვის“ მიმდინარეობს. აქციაში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პირველი შეხვედრა სოფელ ჯიგრაშენში შედგა, რომლის დროსაც სოფლიდან ერთი ქალი აიცრა.
შეხვედრას როგორც სოფლის მოსახლეობა, ასევე ოფიციალური პირები ესწრებოდა, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი.
შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის მერი. ვაქცინაციის მნიშვნელობის აღნიშვნისას მან მოსახლეობას აცრისკენ და როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების დაცვისკენ მოუწოდა.
სიტყვით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი თეონა თოდუაც გამოვიდა:
„დღეს მინდა ვაქცინის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ვისაუბრო. კორონავირუსი ადამიანებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, არის შემთხვევები, როცა დაავადება მძიმეა, არის ზომიერი და მსუბუქი შემთხვევებიც. 60 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მაღალი რისკის ჯგუფში არიან. რისკის ქვეშ არიან ორსული ქალები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებიც“.
თეონა თოდუას განცხადებით, 2021 წელს ბავშვებში კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯერჯერობით უცნობია მომავალში რა გავლენა ექნება კორონავირუსს ბავშვების ჯანმრთელობაზე.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, 10 თვეში, 23 470 ბავშვი დაინფიცირდა, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში კი – 67 210 ბავშვი. დელტას ახალმა შტამმა გავრცელების მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ადვილად ვრცელდება.
ორსულ ქალებში დელტა შტამის გავრცელება და სიკვდილიანობა წლეულეს მაღალია. თუ 2020 წელს კორონავირუსისგან ერთი ორსული ქალი გარდაიცვალა, 2021 წელს 16 ქალი დაიღუპა.
დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული: ვუჰანი, ბრიტანული და ახლა დელტა. ვირუსის ახალი მუტაცია ბავშვებსა და ორსულ ქალებში ხელახალი ინფექციის ალბათობას ზრდის.
სტატისტიკის წარმოდგენისას თეონა თოდუამ აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შეხვედრას თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ვაქცინაციის მობილური ჯგუფიც ესწრებოდა. ისინი ნებისმიერი მსურველის ასაცრელად მოვიდნენ.
ჯიგრაშენში სოფლის ერთმა მცხოვრებმა არცვიკ პოღოსიანმა ჩინური სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა.
კამპანიას “ვაქცინაცია ერთმანეთისთვის” მსოფლიო ბანკის Covid-19-ის სწრაფი რეაგირების პროექტი უჭერს მხარს. ვაქცინაციის კამპანია ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.