შენგენის ზონაში მოგზაურობას შეძლებს ყველა, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანა ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი, – შესაბამისი პროექტი ევროკომისიაში დღეს წარადგინეს.
ინიციატივის თანახმად, მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მოგზაურობა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით არიან სრულად აცრილები ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ „კოვიდ-19“. ამასთან, ყველა მოგზაურს მოუწევს ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის წარდგენა. ამ წესის ამოქმედებას ევროკომისია 10 იანვრიდან აპირებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია – „მოდერნა“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, ინდური „კოვიდშილდი“ და „კოვაქსინი“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაქცინაციის კოვიდსერტიფიკატის მოქმედების ვადა მეორე აცრიდან ცხრა თვით განისაზღვროს. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში მიიჩნევენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ექვსი თვე მოქმედებს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ექვს თვეს დაამატებენ სამ თვეს, რათა ევროკავშირის მოქალაქეებმა ე.წ. ბუსტერის გაკეთება მოასწრონ. ამასთან, ბუსტერ დოზის მოქმედების ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული, რადგან ის დადგენილი არ არის.
ამასთან ერთად, ახალი წინადადების მიხედვით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლები დაბალია, ევროკავშირში ვაქცინაციის დადასტურების გარეშეც შეუშვებენ. პირველ ეტაპზე 10 იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე შემსუბუქდება კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნები ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე სახელმწიფოების სიაში მოხვდებიან. უკვე 2022 წლის პირველი მარტიდან კი ე.წ. მწვანე სახელმწიფოების სიის საერთოდ გაუქმება იგეგმება.
ევროკომისიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი ცვლილება მსოფლიოში ვაქცინაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ამასთან ერთად, ბრიუსელში აცხადებენ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს უშუალოდ ვიზიტორის სტატუსს და არა იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, საიდანაც ის ჩამოდის.