პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. XII კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს დაასრულებენ, პირველკლასელებს 27 მაისს დაითხოვენ, დანარჩენი მოსწავლეები კი სწავლას 15 ივნისამდე დისტანციურად, ონლაინრეჟიმში განაგრძობენ.
„განათლების სისტემამ ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა შეძლო. ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ერთად, შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა ტელესკოლა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.
საქართველოს სკოლებში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 4 მარტიდან სასწავლო პროცესი შეწყდა და განათლების სისტემა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.