კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მუშაობს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოეს დღეებში, კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.
ამასთან, საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ითარგმნება და თავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე www.1tv.ge.