ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე, ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას.
ევროკომისიამ საქართველოსთან ერთად მოლდოვას, სერბეთის და ახალი ზელანდიის კოვიდ-პასპორტებიც აღიარა.