საქართველოში ცივი ამინდები დგება და, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა დამძიმდება. ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილის თქმით, იდეალურ შემთხვევაში, დღევანდელი ყველა ინფიცირებული რომ იყოს აცრილი, მაშინ საქართველოში დღეში 5-6000 შემთხვევის ნაცვლად 550-600 შემთხვევა იქნებოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 100%-დან 15-20%-ს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ და მაღალტექნოლოგიურ მოვლას 5%-ია. პაციენტთა 1,5-2%-ის კორონავირუსის ინფექცია სიკვდილით მთავრდება.
„არსებობს ორი გზა: ან მასობრივი ვაქცინაცია ან არ ვაქცინაცია და ვირუსის დიდი ხნის განმავლობაში გააქტიურება და კლება. აცრილი ადამიანები 9-ჯერ უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე არავაქცინირებული. საქართველოში 5000-6000 ადამიანი ავადდება ყოველდღე. თუ ავიღებთ შემთხვევების რაოდენობას ყოველდღე და გავყოფთ 9,3-ზე, ეს ნაკლები იქნება, თუ ადამიანები აცრილი იქნებიან. იგივე შეიძლება ითქვას ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებზეც“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე СOVID-19-ით 10 435 ადამიანი გარდაიცვალა, მართალია, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ვაქცინა არ გვქონია, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში, ყველა თუ აცრილი იქნებოდა, მაშინ კორონავირუსით საქართველოში მხოლოდ 1100 ადამიანი მოკვდებოდა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 6021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 3792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 75 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 761 067 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 ადამიანი.
სულ ჩატარდა 2 010 783 აცრა, აქედან დღეში 5 254 აცრა.