ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში მოსახლეობის უმრავლესობა მეცხოველეობითაა დაკავებული, თუმცა თივისა და კარტოფილის მაღალმა ფასმა სოფლის მეურნეობაზე დიდი გავლენა იქონია.

სოფელი კარწახი ახალქალაქიდან 35 კმ-ში, თურქეთის საზღვართან მდებარეობს. სოფელში დაახლოებით 1200-მდე მოსახლეა. სოფელს საბავშვო ბაღი, სკოლა, ეკლესია, ჯივანის სახლ-მუზეუმი აქვს.  ბუნებრივი აირი, სასმელი და სარწყავი წყალი აქტუალური პრობლემაა.

karcax doroga

შესაძლებლობის არსებობისას მოსახლეობა სოფელს ტოვებს – ვიღაც ახალქალაქში გადადის, ვიღაც სომხეთში ან რუსეთში. დარჩენილები კი მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.

სოფელში მსხვილი ფერმერებია, სადაც 100 ძროხა ჰყავთ, ხოლო პატარა ფერმებს – 3-დან 15-მდე. წელს, როგორც მოსახლეობა ამბობს, კარტოფილზე ფასის მომატების გამო, მიწათმოქმედება მეტად მომგებიანი გახდა, მეცხოველეობა კი ნაკლებად მიმზიდველი, რადგან თივა გაძვირდა. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა სხვა პრობლემებსაც ასახელებს.  ყველაფერის ფასმა მოიმატა, ლარმა ღირებულება დაკარგა, ხორცი კი იმავე ფასად იყიდება. გარდა ამისა, მწყემსების პოვნა დიდი პრობლემაა.

მიშა აბგარიანს 4 ძროხა ჰყავდა, წელს კი მხოლოდ ერთი დაიტოვა.

“თივა ან არ არის, ან ძალიან ძვირია, ამიტომ გადავწყვიტე გავყიდო. კარგი თივის საწნახელი 10-12 ლარი ღირს, ცუდი 7-8 ლარი, სილოსი 7 ლარი”, – განმარტავს მიშა აბგარიანი.

karcax xot

ოგმრცაიანა ატომას დიდი ფერმა აქვს. რძეს ნინოწმინდაში 1,40 ლარად აბარებს, ხორცს კი მარნეულიდან ადგილობრივი გამყიდველები ან გადამყიდველები ყიდულობენ.

სამველ პედანიანს 6 ძროხა დარჩა, თუმცა თივის უქონლობის გამო გაყიდა.

„ხორცის მყიდველებმა უკვე იციან, რომ ძროხებს ყიდიან და ფასს ამცირებენ. ჩვენ ძროხას, რომელიც 1300 ლარი ღირს, 1000 ლარად ვყიდით. იძულებულნი ვართ გავყიდოთ, რადგან ვერ ვინახავთ და ფასსაც უკლებენ,”-  ჰყვება სამველ პედანიანი

მოსახლეობა რძის ფასს იაფად მიიჩნევდა, თუმცა წელს ისიც გაძვირდა და 1,20-1,40 ლარი გახდა.

ეველინა ვარდერესიანის თქმით, ვერარ ხვდება რა უფრო მომგებიანია, პირუტყვი თუ კარტოფილი.

“მე და ჩემი ოჯახი ფერმაში ვმუშაობთ, 25 ძროხა გვყავს. ფასები ყოველწლიურად იცვლება, ხან კარტოფილია ძვირი, ხან  ხორცი. წელს 3 ჰექტარი კარტოფილი დავთესეთ”, – განმარტავს ეველინა ვარდერესიანი.

ნინოწმინდაში ისინიც რძეს აბარებენ, ხორცს კი ჩამოსულებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს აძლევენ.

karcax1

ჯავახეთში სოფლის მეურნეობა ლატარიას ჰგავს, მთელი წელი მუშაობ და არ იცი წლის ბოლომდე იზარალებ თუ მოიგებ.