სოფელ ორჯაში საბავშვო მოედანი სავალალო მდგომარეობაშია, საქანელა გატეხილია, ახალი ნივთების დასამონტაჟებამდე კი წელიწადია.

3-4 წლის წინ სოფელში პატარა საბავშვო პარკი აშენდა, რომელიც შეკეთებას საჭიროებს.

Jnews-ი შეეცადა სოფელ ორჯის უფლებამოსილი პირისგან გაერკვია, რემონტი როდის და რა პროგრამები იგეგმება უახლოეს მომავალში.

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ყოველწლიურად 16 000 ლარი გამოიყოფა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ თანხით აშენდა სოფლის სათამაშო მოედანიც, თუმცა, როგორც სოფლის წარმომადგენელმა, რობერტ არევიანმა აღნიშნა, სოფლის მცხოვრებლები ხელმისაწვდომ ნივთებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, პარკში უფროსი ბავშვები შედიან და ამტვრევენ.

orja sad

„ჩემი შვილი სათამაშოდ არ მიმყავს, რადგან ირგვლივ მხოლოდ ქვებია და მეშინია, რომ ბავშვი წაიქცვა, თავს დაარტყამს და დაშავდება. საქანელაც კი გატეხეს. საერთოდ არ ჰგავს სათამაშო მოედანს“, – აღნიშნავს სოფელ ორჯას მცხოვრები.

სოფელ ორჯაში, სათამაშო მოედნის გარდა, ბევრი სხვა პრობლემაა: სპორტული დარბაზი, საბავშვო ბაღის არარსებობა, სოფლის შიდა გზების სავალალო მდგომარეობა და ა.შ. უფლებამოსილი პირის თქმით, ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად უახლოეს მომავალში ახალქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავს.

„დაინტერესებული ვარ, რომ ყოველწლიურად გამოყოფილი თანხებით გარკვეული პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის, მოედნის რემონტიც“, – აცხადებს სოფლის გამგებელი.