ახალქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ზოგან ამკაცრებს ჰიგიენის წესების დაცვას. რამდენიმე კვირის წინ ნიღბიან ადამიანს ქუჩაში იშვიათად თუ შეხვდებოდით, ახლა ბევრი ატარებს ნიღაბს, თუმცა უმეტესობას ნიკაპზე უკეთია.

მაღაზიებსა და სხვა დახურულ ობიექტებში, ძირითადად, ყველამ უნდა ატაროს ნიღბები, ასევე, ახალქალაქის ქუჩებში ნიღბებით „დაცულ“ ბევრ მცხოვრებს შეხვდებით. ახალქალაქის ღია კვების ბაზარზე გამყიდველები და მყიდველებიც ძირითადად ნიღბებში არიან. თუმცა ბევრი თავს თან იცავს თან არა, რადგან ნიღბებს ნიკაპზე იკეთებს.

„კორონავირუსის ტალღამ ახალქალაქამდე მოაღწია, ჩვენთან ყველაფერი პიკზეა. ადრე, რა თქმა უნდა, ყველა ამ წესზე თვალს ვხუჭავდით, ახლა კი თავს ვიცავთ, აუცილებლად ვატარებთ ნიღაბს, ვიცვლი, ხელებზე დეზინფექციას ვიკეთებ”, – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები.

ქალაქის აფთიაქებში ასევე აღნიშნავენ, რომ გაიზარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და ნიღბების შემსყიდველების რაოდენობა.

245086669_179408357605183_1486772262186827521_n

ახალქალაქში დისტანციის დაცვა მაინც ვერ ისწავლეს. ხალხმრავალ ადგილებში და რიგებში ხალხი არ იცავს დისტანციას იმის შიშით, რომ რიგს დაკარგავს.

IMG_4458

ინფიცირებულებთან კონტაქტის მქონეები არ იცავენ თვთითიზოლაციას, ქუჩაში შესაძლოა ნახოთ ინფიცირებულის ნათესავები, ან თავად კორონავირუსით დაავადებული პაციენტები. ხოლო ბევრი, ვისაც აქვს სიმპტომები, არ იკეთებს ტესტს, რათა არ იყოს იზოლირებული.

IMG_4462

ახალქალაქში, ბოლო დღეებში, დღეში ინფიცირების 4-8-დან 40-45-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, 20 ოქტომბერს გამოვლინდა 4 შემთხვევა, 19-ში – 11, ხოლო 18 – 34 შემთხვევა.