“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ გადაუჭრელია და რეგიონში სიტუაცია არ არის სტაბილური”,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.
“კონფლიქტის გადაჭრაში და მთლიანად, ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რუსეთს ძირითადი როლი აქვს”, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეხვედრის შემდეგ კი ფაშინიანმა პუტინთან პირისპირ დიალოგს “ძალიან პროდუქტიული” უწოდა. ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან განიხილეს სიტუაცია რეგიონში. ასევე, ორმხირივი თანამშრომლობის საკითხები.
სომხეთის პრემიერი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 12 ოქტომბერს იმყოფებოდა. მოსკოვში იმყოფება ასევე სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე, რომელიც რუსეთის პატრიარქსა და აზერბაიჯანის სასულიერო ლიდერს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ხვდება. შეხვედრამდე სომხეთის სასულიერო ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრაპოზიტიურ როლს შეასრულებს აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების გათავისუფლების საკითხში.
სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის 2020 წლის 44 -დღიანი ომის დროს აზერბაიჯანული მხარის მიერ დაკავებული სომეხი სამხედროებიდან, ამ დრომდე, დაახლოებით 150 პირი რჩება ტყვეობაში.