აპრილში თანამდებობიდან გადავდგები, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არმავირის რაიონში მხარდამჭერებთან შეკრების დროს გააკეთა. ფაშინიანის ვიზიტის ამსახველი ვიდეო მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„აპრილში მე გადავდგები. არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმისთვის, რომ გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. ამ დროს ვიქნები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადააბარებს ძალაუფლებას, თუ ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს.
რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. არჩევნების შემდეგ პარლამენტმა უნდა აირჩიოს ახალი მთავრობის მეთაური. თუ ორი ტურის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს, პარლამენტი დაიშლება.
ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ნოემბრიდან ითხოვდა, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას.
აქციები ახალი ძალით განახლდა თებერვალში, როდესაც ფაშინიანმა ინტერვიუში რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ გააკრიტიკა, ხოლო გენშტაბის უფროსის მოადგილემ ფაშინიანს ამის გამო დამცინავად უპასუხა. ამის შემდეგ ფაშინიანმა გადააყენა გენშტაბის უფროსის მოადგილე, რასაც სომხეთის შეიარაღებულ ძალებში პროტესტი მოჰყვა. ფაშინიანი ასევე ითხოვდა გენშტაბის უფროსის გადაყენებასაც, თუმცა პრეზიდენტმა უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე და განაცხადა, რომ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.