ჯავახეთში არსებობს სტერეოტიპი, რომ რეგიონში ბიზნესის სფეროები ძალიან შეზღუდულია. ყველაზე ხშირად ეს არის საკვები, ტანსაცმელი, ან სოფლის მეურნეობა. თუმცა, 21 წლის გოგონამ ნინოწმინდადან ეს სტერეოტიპი დაარღვია და ჯავახეთის ველებზე შეგროვებული, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ჩაის წარმოება დაიწყო.

мзиса2

ჯერ კიდევ ძნელია ამას წარმოება დაერქვას – მცენარეები გროვდება და ხმება მცირე რაოდენობით, მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მზისა ხმალაძეს შორს მიმავალი გეგმები აქვს ბიზნესის გაფართოების მიზნით. გოგონამ ორგანიზაცია Caucasus Environmental NGO Network CENN-ისგან 20 000 ლარის გრანტი მიიღო, სადაც წარადგინა თავისი უჩვეულო, სრულიად ახალი ბიზნეს იდეა ჯავახეთისთვის.

”ამ ორგანიზაციამ ჩვენთან ტრენინგები ჩაატარა, ჩვენ გვასწავლეს, როგორ შევადგინოთ დოკუმენტაცია, ბიუჯეტი და, როდესაც დადგა ჩემი პროექტის შეთავაზების დრო, გამახსენდა, რომ დაკავებული ვიყავი ბალახების შეგროვებით, ვატარებდი ექსპერიმენტებს, ვურევდი სხვადასხვა ინგრედიენტებს და ვიფიქრე, რატომაც არა? არსებობს ბევრი სასარგებლო ბალახი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ადამიანების, ასევე საკუთარი თავის სასარგებლოდ”, – ყვება გოგონა.

მზისა აღიარებს, რომ მისი ექსპერიმენტები, როცა ის სხვადასხვა მცენარეს ურევდა და თავადვე სვამდა, ხშირად თავბრუსხვევით და ცუდი შეგრძნებებით მთავრდებოდა. ამიტომ, ახლა ის უპირატესობას ანიჭებს გამოიყენოს მხოლოდ შემოწმებული მცენარეები, ხოლო მომავალში,  ითანამშრომლებს  ლაბორატორიასთან.

მისი თქმით, ჩაის დამზადებისადმი ინტერესი ბავშვობიდან აქვს, ოჯახიდან მოსდგამს.

“ბავშვობიდან მომყვება ბუნების სიყვარული, როცა სოფელში მივდიოდი ბებია – ბაბუის სანახავად, ჩვენ ვაგროვებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო, მოგვქონდა ჩაისთვის, მურაბისთვის”, – იხსენებს მზისა.

მზისას ბიზნესი, არა მხოლოდ ჩაის წარმოებას მოიცავს, არამედ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას. პროექტის ფარგლებში გადაწყვიტა ეზრუნა ჯავახეთში ქართული ენის არ ცოდნისა და მასთან დაკავშირებული მოსახლეობის გადინების პრობლემის მოგვარებაზე. ჩაის  შეფუთვაზე იქნება ფრაზები ქართული თარგმანით, მაგრამ, რაც მთავარია, შემოსავლების გარკვეული ნაწილით, მზისა გეგმავს გახსნას ქართული ენის კურსები რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ჯერ ინტერნეტით, შემდეგ კი, კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაატაროს პირდაპირი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში, რათა ხალხს ქართული ენა ასწავლოს.

“პროგრამის თანახმად, უნდა წარმოგვეჩინა სოციალური პროექტი, რომელიც გადაჭრიდა გარკვეულ სოციალურ პრობლემას. მე ავირჩიე ქართული ენის არცოდნის პრობლემა იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ენის არცოდნის გამო არის მიგრაციაც და, იმის გამო, რომ ხალხს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, სამსახურშიც არ იღებენ, ძალიან ბევრი პრობლემა ჩნდება”, – ყვება მზისა.

გოგონა მცენარეებს და ყვავილებს ჩაისთვის მთელ რეგიონში აგროვებს – რაღაც მთაში იზრდება, მაგალითად, ასკილი და თიამი, ხოლო, რაღაც წყალთან ახლოს – მაგალითად, პიტნა. ის აღნიშნავს, რომ თითოეულ მცენარეს მოსავლის აღების თავისი სეზონი აქვს. მთავარია იქამდე მოსწრება, დანამ მავნებლები გაჩნდებიან. როგორც წესი, მოსავლის აღებამდე დაახლოებით ერთი კვირა რჩება მცენარის მომწიფების შემდეგ.

მოკრეფის შემდეგ ფოთლოვანი მცენარეები გადიან ფერმენტაციას- ანუ ფოთლებისგან წვენის ფიზიკურ გამოწურვას, ხოლო ყვავილები მაშინვე იშლება გასაშრობად გარეცხვისა და ფერმენტაციის გარეშე, რათა არომატი და გემო შეინარჩუნოს.

“ყველაზე მეტად მიყვარს, ან ძალიან ნაზი გემოები, ან ძალიან მძაფრი, მაგალითად, მე ძალიან მომწონს პიტნა და ჩაის ვარდი და მიყვარს მათი შერევა. მაგრამ, არც ისე მომწონს ცხარე და მწარე გემოები, როგორიცაა ორკბილას ბალახი“, – ყვება მზისა.

ამ საქმის გარდა, მზისა თბილისში დოკუმენტალისტიკაზე სწავლობს. სამომავალოდ სურს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება ამ პროფესიას, მაგრამ არ აპირებს “ჩაის ბიზნესის” მიტოვებას. წარმოების დაწყების შემდეგ, გეგმავს ჩაი მიაწოდოს, როგორც რეგიონალურ მაღაზიებს, ასევე თბილისის ეკო პროდუქტების მაღაზიებს. ის უკვე შეთანხმებულია ზოგიერთ მაღაზიასთან. გარდა ამისა, მზისას სურს ჩაი რუსეთშივ გაიტანოს ჯავახეთის მოსახლეობისთვის.

чай3

чай2

чай

ამალია ბაბიანი