უკანასკნელი მონაცემებით ამჟამად (18:00 საათისათვის), ახალქალაქში 299 ადამიანია თვითიზოლირებული. ახალი შეზღუდვებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი დღეს გადაკვეთეს, პირდაპირ კარანტინში ათავსებენ. დღეს 16 ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ისინი ბათუმში გადაჰყავთ.
დღეიდან, საქართველოში შემოსული ყველა პირი, მიუხედავად იმისა თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა, კარანტინში იქნება მოთავსებული. დღეს სომხეთიდან 16 ახალქალაქელი შემოვიდა, ისინი ახლა ბათუმში გაემგზავრებიან, მათ ასევე კარანტინში მოათავსებენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარანტინის ზონად აბასთუმნის ფილტვის ცენტრი იყო გამოცხადებული და ყველას ვისაც რეგიონიდან ათავსებდნენ კარანტინში ცენტრი დღემდე ემსახურებოდა. თუმცა დღეიდან ცენტრში ყველას ვერ მოათავსებენ. ამიტომ რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა საავადმყოფოსა და ცენტრებში გაანაწილებენ, სადაც კარანტინის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი. დღეის მონაცემებით აბასთუმანში 43 ადამიანია კარანტინში. კარანტინიდან ხვალ ერთი პაციენტი გადის. აბასთუმნის ყველა პაციენტი, ვინც კარანტინშია ან უკვე გამოწერილია თავს კარგად გრძნობს, არცერთს კორონავირუსის სიმპტომი არ აღმოაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ თვითიზოლირებისა და კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში ხალხი დაჯარიმდება, ხოლო ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში მათ თავისუფლების აღკვეთი ღონისძიება ელით.