საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური სტუდენტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ ახალქალაქის მერიას მიმართონ.
სოციალური პროგრამის ფარგლებში მიიღება ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სხვა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების განაცხადები.
სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების მიღება შეუძლიათ ობლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებს.
“სწავლის საფასურის ნაწილის მისაღებად, სტატუსის მქონე სტუდენტებმა დაფინანსებისთვის მერიის სოციალურ განყოფილებას უნდა მიმართონ. დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, დაფინანსება წელიწადში 1000 ლარამდე გაიცემა”, – განმარტავს რაფაელ ტოკმაჯიანი, ახალქალაქის მერიის სოციალური დეპარტამენტის თანამშრომელი.
ობოლმა მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ: მშობლების ქორწინების მოწმობა, მშობლების გარდაცვალების მოწმობა პასპორტთან და დაბადების მოწმობასთან ერთად. მრავალშვილიანმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტებმა სოციალური დახმარების სამსახურის მიერ გაცემული სტატუსის მოწმობა უნდა წარადგინონ.
აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად სტუდენტს უნდა გააჩნდეთ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.
სტუდენტებს 1-ლ ოქტომრამდე შეუძლიათ ვებ-გვერდზე socreg.mes.gov.ge დარეგისტრირდნენ, შესაბამისი სტატუსის მითითებით.