სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ თავად თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, ფაშინიანი ზანგეზურის დერეფნის გახსნას აპროტესტებს, ხოლო მეორეს მხრივ, მას შეხვედრა სურს. ერდოღანის თქმით, ეს ისეთი პოლიტიკური საკითხია, რომელსაც შეუძლია ე ერევანსა და ბაქოს ურთიერთობაში სირთულეები გადაჭრას.
”მისი წინადადება გვაიძულებს დავფიქრდეთ: თუ შეხვედრა გსურთ, მაშინ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დახურული შეხვედრებს არ ვაწარმოებთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ მინისტრის წინადადება გადმომცა. მაგრამ ამისათვის სომხეთმა პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგას. თუ შეხვედრა გაიმართება, თურქეთს შეეძლება დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს“, – განმარტა რეჯეფ ერდოღანმა.
8 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. ვიზიტი ბათუმში, ორი მთავრობის მეთაურების არაფორმალური შეხვედრით დასრულდა. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ფაშინიანი 3-4 საათით მოულოდნელად “გაქრა” და არც ქართულმა მხარემ და არც სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებებისას შუამავლის როლი შეასრულოს.