თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
მისი თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შემთხვევა გუშინ მოხდა, გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, რომელიც 30 ივლისს შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით. ჰოსპიტალში შემოსვლისას უკვე სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. 1 აგვისტოს საკეისრო კვეთის ჩატარება დასჭირდა. მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ორგანოთა სისტემები მოიცვა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჯანმრთელობასთან მიმართებით რაიმე პრობლემა არ აღენიშნება, უკვე მის გაწერაზეა საუბარი“,- განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.