დღეს ახალციხეში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, კახეთში, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქციები გამართეს თბილისელ კოლეგებთან ერთად, რომლებიც 5 ივლისს, თბილისის ცენტრში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა სცემეს.
ახალციხეში ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც ფიზიკური შეტევის მსხვერპლი გახდნენ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, დააზიანეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
“სოლიდარობა ჟურნალისტებს, სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს!”, “არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა!” – ასეთი ლოზუნგებით, კოლეგების დასაცავად რეგიონებში ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები გამოვიდნენ.
აქციის მონაწილეები მთავრობას დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით მიმართავდნენ. მათ გამოხატეს აღშფოთება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხელი შეეშალა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობისთვის.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 5 ივლისს დაახლოებით სამი ათასი ადამიანი გამოვიდა პარლამენტთან, “ღირსების მარშის” ღონისძიების გასაპროტესტებლად. შედეგად, ლგბტ მსვლელობა არ შედგა. “პრაიდის” მოწინააღმდეგე ადამიანების ერთმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ოფისებზე არსებული სიმბოლიკა გაანადგურეს. მათ ასევე სცემეს ჟურნალისტებს, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ.
საერთო ჯამში, 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, რომელთა უმეტესობა კლინიკებში გადაიყვანეს. ყველა დიდი ტელეკომპანია აცხადებს გატეხილი ტექნიკის და მათი ოპერატორების ცემის შესახებ. ამავე დროს, პოლიციამ წინა დღეს არავინ დააპატიმრა და შემოიფარგლა ჟურნალისტების იმ ტერიტორიიდან გაყვანით, სადაც ბრბო იყო.
დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 11 ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ გუშინდელ არეულობებში. მათგან მხოლოდ სამს ადანაშაულებენ ძალადობაში, დანარჩენ რვას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედებათ ბრალად.