საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო და ქვეყანა მზად არის 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დასაწყებად. მიღებული მილიონი დოზა ვაქცინიდან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი „სინოვაკი“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინების დამატებით კიდევ მილიონი დოზა შემოვა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ​ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.

„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის უწყებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღდგენილია აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი, რომელიც 3 ივლისს კიბერშეტევის გამო გაითიშა.

მათივე ცნობით, გუშინ, 19:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული იყო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხება აღარ არის. მისივე თქმით, ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, მოქალაქეებს კლინიკებში, ადგილზე შეეძლებათ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია.