სომხეთის საარჩევნო ბლოკის, „დემოკრატთა ალიანსის შირინიან-ბაბაჯანიანის“ წევრი, დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი იუწყება, რომ მის ავტომობილს ესროლეს.
გასროლის შედეგად დაზიანდა მანქანის საქარე მინა. პოლიტიკოსი მომხდარში ვადამდელი არჩევნების კონკურენტებს ადანაშაულებს.
„მათ ესროლეს ჩემს მანქანას. როდესაც მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფალნი არიან და არჩევნებშიც კი მონაწილეობენ, ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლებელია“, – განაცხადა არმან ბაბაჯანიანმა.
ერევნის პოლიციაში აცხადებენ, რომ ყველა გარემოების გამოსარკვევად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.