დღეს დილით, დაახლოებით 07:08 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ ჟენევაში მიღწეული შეთანხმება დაარღვია, რომელიც ითვალისწინებდა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლების შეჩერებას, სარაკეტო სროლების ობიექტი სტეფანაკერტი და შუში იყო, – იტყობინება ყარაბაღის თავდაცვის არმია.
შუშიში დარტყმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები.
სტეფანაკერტში აზერბაიჯანის ძალების სამიზნე ცენტრალური ბაზრობა და ერთი საცხოვრებელი სახლი იყო.
აღვნიშნავთ, რომ დილაუთენია, 30 ოქტომბერს, ყარაბაღის კონფლიქტის ორივე მხარე სასწრაფოდ რიგი ზომების მიღებაზე შეთანხმდა, მათ შორის, მიზანმიმართულად არ დაუმიზნონ სამოქალაქო მოსახლეობას და არასამხედრო ობიექტებს, მონაწილეობა მიიღონ ბრძოლის ველზე დატოვებულ დაღუპულთა ცხედრების გატანისა და გაცვლის პროცესის განხორციელებაში. ამის შესახებ, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ჟენევაში დასახლებული პუნქტებისა და არასამხედრო ობიექტების მიმართულებით ცეცხლის შეჩერების შეთანხმებას მიაღწიეს.
ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანი ყარაბაღში იყენებს ფოსფორშემცველ საბრძოლო მასალებს, რომელიც ქიმიური იარაღის ელემენტებს შეიცავს, წვავენ საქალაქო დასახლებებთან არსებულ ტყეებს, – იტყობინება სომხეთის ომბუდსმენი არმან ტატოიანი.
როგორც ტატოიანი აცხადებს, სომხეთის ომბუდსმენისა და ყარაბაღის ომბუდსმენის მიერ ჩატარებული გამოძიებებით არა მხოლოდ მტკიცდება ეს ფაქტი, არამედ ცხადი ხდება, რომ ამ ტყეებს, როგორც დღისით, ასევე ღამით, სროლებისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.
“ეს სამხედრო მასალები, რომლებიც მასობრივი განადგურების ხასიათს ატარებს, ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გამოიყენება, როგორც გარემოს, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მსგავს სიტუაციაში მათი გამოყენება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა”, – აცხადებს ომბუდსმენი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც დაწვრილებით აღწერს ვითარებას, რომელიც “მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შეიქმნა, ასევე მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს”.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, წერილში ასევე საუბარია, უცხო ქვეყნის შეიარაღებული ტერორისტების ახლო აღმოსავლეთიდან გადმოყვანასა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში მათ მონაწილეობაზე.