საფეხმავლო ხიდი, რომელიც ქალაქს “ჯივანის მასივთან” და ყოფილ სამხედრო ქალაქთან აკავშრებს, კვლავ ღიაა. სამშენებლო კომპანიის მენეჯერის თქმით, ის მაქსიმუმ 1.5 თვით დაიკეტება, როცა შესაბამისი მასალა ჩამოვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბათუმის კომპანია შპს “გაბიონი 2000” ახორციელებს. ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები დაიწყო.
ყოფილი სამხედრო ქალაქის და ე.წ ჯივანის მასივის მოსახლეობა შეშფოთებულია სარემონტო სამუშაოების პერიოდში ხიდის შესაძლო დაკეტვის გამო. Jnews– ი შეეცადა კომპანიაში დაეზუსტებინა საფეხმავლო ხიდის დაკეტვის ვადები.
ინჟინერმა, კომპანიის მენეჯერმა მერაბ სულმანიძემ Jnews–სთან საუბარში თქვა, რომ ისინი ცდილობენ ხიდი მაქსიმუმ 1,5 თვით დაკეტონ.
“როცა შედუღების სამუშაოები დაიწყება და საფარს მოვხსნით, ხიდს დავკეტავთ. თავად მუშები იმუშავებენ მიმაგრებული ღვედებით და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. ახლა ჩვენ ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რომელთა შესრულებაც დაკეტვის გარეშეა შესაძლებელი. მასალა რომ ჩამოვა დავკეტავთ, ისინი უკვე შეკვეთილია”, – თქვა მერაბ სულმანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სრულებით გასაგებია, რომ ხიდის დაკეტვა მოსახლეობას უხერხულობას შეუქმნის, მაგრამ მოსახლეობას სთხოვს მოთმინებას და დაეოლოდონ კარგ შედეგს.