დღეს ჯავრიშვილის ოფთალმიჯის კლინიკის წარმომადგენლებმა, ახალქალაქის მერიასთან თანამშრომლობით უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარეს.
გამოკვლევა ასევე ხვალ, 15 დეკემბერს, ახალქალაქის მერიაში 11:00-დან 14:00 საათამდე ჩატარდება.
გამოკვლევას ატარებს ექიმი სოფიო იმედაშვილი. მერიაში შეიკრიბნენ, როგორც პენსიონერები, ასევე საშუალო ასაკის პირები. თავიდან პრობლემა სახელმწიფო ენის არცოდნით შეიქმნა, მოხუცები ქართულად ვერ ლაპარაკობდნენ და შესაბამისად, ვერ ხვდებოდნენ, რას ამბობდა ექიმი. ამის შემდეგ, ექიმმა მერიის თანამშრომლებს მიმართა და თარჯიმანი სთხოვა. მერიის თანამშრომლები დახმარებას დაჰპირდნენ.
„რადგან სტაციონარში დამონტაჟებული აპარატურა რთულად ტრანსპორტირებადია, შემოწმებას ვატარებთ სპეციალური გერმანული მობილური საკონტაქტო ბიომიკროსკოპის გამოყენებით, რომელიც უკვე 3 წელია გვაქვს. მიკროსკოპი 4 ტიპის აღჭურვილობას აჯამებს. რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს ვიღებთ, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი ხანდაზმულები არიან, რომლებსაც ექიმთან მისვლა უჭირთ.მათ გამოც მოვედით“, – განმარტა Jnews-თან ინტერვიუში კლინიკის ხელმძღვანელმა, ელისო მეცხვარიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კატარაქტის მქონე პაციენტებს, რომლებსაც ოპერაცია ესაჭიროებათ, ოპერაციის გაკეთება ახალციხეში ჯავრიშვილის ოფთალმიჯის მობილურ კლინიკაში შეუძლიათ.
ოპერაციები ყოველწლიური ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება. გამოკვლევებს კი ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი” აფინანსებს.