გაერო-ს ბავშვთა ფონდი მზადაა, დაეხმაროს მთავრობას, დიდი ზომის დაწესებულებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
„ბავშვების ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების შეფასება, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ბავშვების ოჯახურ და სათემო ზრუნვაში გადაყვანა. ამ პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ პროცესში მხოლოდ ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტები უნდა მონაწილეობდნენ.
ბავშვების მიმართ ნებისმიერი სახის ფიზიკურ თუ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება სწრაფად და ბავშვზე მორგებული პროცედურების დაცვით უნდა ჩატარდეს. შესაბამის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული ბავშვები დაცული უნდა იყვნენ: მათი ტრავმირება და ვიქტიმიზაცია ყველანაირად უნდა იქნას თავიდან არიდებული. აღნიშნულ პროცესში მათ უნდა მიეწოდოთ იურიდიული დახმარება და სრულად მიენიჭოთ ყველა სხვა საჭირო გარანტია. ამასობაში სოციალური მუშაკები და სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების სპეციალისტები რეგულარულ ვიზიტებს უნდა ახორციელებდნენ ყველა ინსტიტუციაში, რათა უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პროფესიული შეფასება. ინსტიტუციებში მოთავსებულ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შეტყობინების მექანიზმზე, რათა განაცხადონ ძალადობის ან უდიერი მოპყრობის შესახებ.
ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები, რათა განისაზღვროს შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის ფორმა და საჭირო პროფესიული მხარდაჭერა. საჭიროა, გაძლიერდეს თავად ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები, რათა ინსტიტუციის დატოვების შემდეგ ბავშვებს, მათ ოჯახებსა და მათთან მომუშავე პროფესიონალებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა.
შესაბამისი მონაწილეები დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივს უნდა სცემდნენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი სივრცის უფლებას. გაერო-ს ბავშვთა ფონდი გამოხატავს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს დეინსტიტუციონალიზაციისა და ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებების შესახებ კონსტრუქციულ დიალოგს. ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული ოჯახების გაძლიერებისკენ და ბავშვების ოჯახებში შენარჩუნებისაკენ, ვიდრე ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დაფინანსებისკენ. გრძელვადიან პერსპექტივაში გაერო-ს ბავშვთა ფონდი მხარს დაუჭერს ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის მიზეზების კვლევას და დაეხმარება დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებას და ხელს შეუწყობს ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერებას.
გაერო-ს ბავშვთა ფონდი 2005 წლიდან მხარს უჭერს საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას. გაერო-ს ბავშვთა ფონფი გააგრძელებს დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებაში, ყველა ბავშვის, მათი ოჯახებისთვის ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობის ხელშეწყობაში“, – აღნიშბულია განცხადებაში.