საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს ხვდება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს.
შეხვედრის დაწყებამდე გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ჰიმნები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი გუშინ, გვიან ღამით ეწვია.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.