თურქეთი 14 წლის განმავლობაში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო და მხარეები მზად არიან საქონელბრუნვა 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ, განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთი საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას 1 ივნისს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
„გვწამს, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს თურქეთს და უკვე იმყოფებოდა ქვეყანაში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონისთვის ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა.
„თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები“, – განაცხადა ერდოღანმა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სავაჭრო პოტენციალის გასაზრდელად და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.