სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ძალადობასთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება მიმდინარეობს.
სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგისთვის უკვე თვეზე მეტია, რაც არ უშვებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში 56 ბავშვი ცხოვრობს.
ლომჯარია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი პრეტენზიები სახალხო დამცველის სახელმწიფო უწყებებთან აქვს, რომლებმაც, მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ვერ უზრუნველყვეს სახალხო დამცველის მონიტორინგი.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს, ლომჯარია განმარტავს:
„ერთ მუშაკზეა საუბარი, ერთი სოციალური მუშაკი არის იქ და მასაც ერთი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ. ჩვენი ჩარევის, ასევე მედიაში გახმაურების შემდეგ შეუშვეს ეს ადამიანი. და ისიც სრულყოფილად ვერ ახერხებს იქ მუშაობას, არ აქვს წვდომა სრულყოფილად დოკუმენტაციაზე და ის არ ახორციელებს იქ მონიტორინგს იმიტომ, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანო ვართ ჩვენს, სპეციალური სპეციალიზაციისა და ექსპერტიზის მქონე პირებთან ერთად.“
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმეს ბოლომდე მიყვება და არამხოლოდ ჩაატარებს მონიტორინგს, არამედ მიაღწევს მსგავსი დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურავს. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ბავშვთა უფლებების პრაქტიკით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები ოჯახის ტიპის სახლებში უნდა იზრდებოდნენ და არა — დიდ პანსიონებში.
„მე მაქვს იმის შიში, რომ როდესაც ჩვენ შევალთ მონიტორინგისთვის – და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაქვს იმის შიში, რომ შესაძლოა გაგვიჭირდეს ბავშვებთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ მე არ ვიცი, დღესდღეობით ამ ბავშვებს რას ესაუბრებიან და დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს ეტყვიან. შეიძლება გარკვეული შიშები ან სტერეოტიპები ჰქონდეთ მათ ჩამოყალიბებული ჩვენთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, იმუშავებენ იმაზე, რომ არ ისაუბრონ.
ასევე მე მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ამ დაწესებულებაში ხელმძღვანელობას აქვს რაიმე დასამალი იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც ჩვენ არ გვიშვებენ. მათ შორის, სხვა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ დაწესებულებებში ჩვენ გვიშვებენ — ეს არის ერთადერთი პანსიონი, სადაც ჯერ ბავშვებთან საუბარში შეგვიშალეს ხელი და შემდეგ საერთოდ დაგვიკეტეს კარი,“ — ამბობს ლომჯარია.