1 ივნისს, ახალქალაქში, სომხური “სურბ ხაჩ” ეკლესიის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ხვალ 14:00 საათზე ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიის ეზოში ბავშვების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართება. ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში მღვდელი ნარეკ ტერ ტიგრანიანი ბავშვების კურთხევის ცერემონიალს ჩაატარებს, რის შემდეგაც, ბავშვებს მრავალი სიურპრიზი ელით, თამაში-კონკურსები და შეხვედრები საყვარელი მულტფილმის პერსონაჟებთან. ასევე, გათვალისწინებულია ვიკარიატში მოქმედი წრეების მონაწილეობით საკონცერტო პროგრამა.
წელს ახალქალაქის ცენტრალურ ე.წ “ხას ბახჩას” პარკში არანაირი ღონისძიება არ გაიმართება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ვალერი სტელმაშოვის თქმით, ყოველწლიურად ღონისძიებაში საბავშვო ბაღების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს ვერ შეძლეს მსგავსი ღონისძიების ორგანიზება.
ასევე აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ ამჟამად ქალაქის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
ბავშვთა საერთაშორისო დღე ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ 1949 წელს პარიზში დაარსდა. დღესასწაული პირველად 1950 წელს აღინიშნა.