მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები საქართველოში არიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრესტურს მართავს.
4 ივნისის ჩათვლით „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარული 18 ბლოგერი და ინფლუენსერი საქართველოს სხვადახვა კუთხეს ეწვევა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
პრესტურის მონაწილეები თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს დაათვალიერებენ და სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.
ბლოგერებისა და ინფლუენსერების მიმდევართა რაოდენობა სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.