ახალქალაქის “ხას ბახჩას” პარკში რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერვისცენტრთან ერთად პარკიდან ფანჩატურის ამოღება და ამირანის გორის ძირში დასასვენებელ ზონაში გადატანა გადაწყვიტა.
ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ “ხას ბახჩას” პარკში 8,5 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრის სიგანის ფანჩატური იდგა. ის დაამონტაჟეს ისე, რომ ახალგაზრდებს ზაფხულში შეკრება და იქ ფეხბურთის და სხვა სპორტული თამაშების ყურება შეეძლოთ. მაგრამ ფანჩატურმა, სულ რამდენჯერმე შეასრულა თავისი ფუნქცია. რამდენჯერმე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიება. ამჯერად რეკონსტრუქციის დროს მისი დემონტაჟი იყო საჭირო და გადაწყდა, რომ ის დასასვენებელ ზონაში გადავიდეს.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორის, არმენ ბიჩახჩიანის თქმით, ფანჩატურის გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან შეხვედრაზე მიიღეს.
“ფანჩატური არაფრის მომცემია და ესთეტიკურადაც არ იყო ლამაზი. პარკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, ახალქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ ეს ფანჩატური ამოეღო იქიდან. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ სხვა ხერხი მოეძებნათ, რათა ის უბრალოდ არ გამქრალიყო. ამირანის გორაზე ვეძებდით მისთვის მოსახერხებელ ადგილს. ავირჩიეთ. ეს ადგილი მდინარესთან ძალიან ახლოს არის, ტერიტორიულად სწორი, იქ მისვლა რთული არ არის. ჩვენ გვქონდა 5 ფანჩატური და ეს მათგან ყველაზე დიდია. საჭიროების შემთხვევაში, იქ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია შეკრება”.
იმისთვის, რომ ფანჩატურმა თავისი ახალი დანიშნულება შეასრულოს, კიდევ რაღაცის დამატებაა საჭირო.
“პრობლემა არის, მაგიდა და სკამები. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ, ან დაგვაფინანსებენ, ან ვიღაცას ვიპოვით და ვთხოვთ, მაგიდა და სკამები დადგან”, – დასძინა არმენ ბიჭახჩიანმა.