ამ დროისთვის დადგენილია, რომ ძლიერმა ქარმა სოფლები: იხტილა, ბარალეთი, კოთელია, ბეჟანო, აგანა, ტურცხი დააზარალა.
სოფელ იხტილაში ქარმა, რამდენიმე სახლს მოხადა სახურავი, დაზიანდა ელექტროსადენები და გაზსადენები. სოფელ ბარალეთში ქარმა სახურავი ორი სახლს და წმინდა ოვანესის სამლოცველოს მოხადა. სოფელ ტურცხში ქარმა სამი სახლის და სოფლის სკოლის სახურავი წაიღო. ასევე, ქარმა და სეტყვამ დააზიანა სოფელი კოჩიო, დაზიანდა ორი სახლი და სამი საწყობის სახურავი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კოთელიაში ქარმა ელექტროენერგიის 2 ბოძი და ხე მოგლიჯა. ხე ახალქალაქი-ახალციხის გზაზე გადმოვარდა, შედეგად გზა დაიკეტა, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ხის გზიდან გადატანაზე მუშაობს. ამ დროისთვის ახალქალაქში ძლიერი ქარი გრძელდება. უამინდობა უახლოესი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანის თქმით, ზიანი მიადგა, ასევე, სოფლებს: ბეჟანოს და აგანის. დაზარალებულებისთვის კომპენსაცია გამოიყოფა.
”აუცილებლად დავითვლით ზარალს და სარეზერვო ფონდიდან გამოვყოფთ თანხას კვარდატულობის მიხედვით. თითოეულს აქვს საკუთარი კრიტერიუმები და გამოვითვლით, რამდენი კვადრატია და დახმარების ოდენობას განვსაზღვრავთ, ხოლო ამის შემდეგ, დამოუკიდებლად გააკეთებენ”, – ამბობს ახალქალაქის მერი.
ფოტოები სოფლის მოსახლეობამ მოგვაწოდა.